ვანის მუნიციპალიტეტის საკარანტინო ზონად გამოცხადება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
შალამბერიძის თქმით, ხელისუფლებამ ყველა პრევენციული ღონისძიება დროულად დაიწყო.
„რაც შეეხება ვანში მდებარე კლინიკას, სადაც ინფიცირებული ქალი თვითდინებით მივიდა, იდენტიფიცირებულია ყველა უშუალო კონტაქტი და მედპერსონალი, ვისაც შეხება ჰქონდა 75 წლის პაციენტთან და ისინი თვითიზოლაციაში იმყოფებიან“, – განაცხადა შალამბერიძემ.
შეგახსენებთ ვანის მუნიციპალიტეტში ორი საკონტროლო-გამშვები პუნქტი მუშაობს. პუნქტები სოფელ ზეინდარსა და შუამთაშია გახსნილი.
ცნობისათვის, გუშინ ვანის მუნიციპალიტეტში კორინავირუსის სამი შემთხვევა დადასტურდა, მათ შორისაა 75 წლის ქალი, მისი მეუღლე და სიძე. მიმდინარეობს კონტაქტების შესწავლა. სწორედ ამ შემთხვევის გამო, უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში კონტროლის გამკაცრების მიზნით ქალაქ ვანის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.