StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა

696

StopCoV ფონდში მობილიზებული თანხის რაოდენობა 124 543 899 ლარამდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული.

განახლებამდე, ბოლო მონაცემებით, ფონდში ჩარიცხული თანხის ოდენობა 24 მილიონ 200 ათასი ლარს შეადგენდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 209 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 214 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 50 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.