პატარა მეჯვრისხევის სკოლის მშენებლობა კარანტინის გამო დროებით შეჩერდა

1009

პატარა მეჯვრისხევში სკოლის მშენებლობა მალე დასრულდება, თუმცა რამდენიმე დღეა სამუშაოები ქვეყანაში გამოცხადებული კარანტინის გამო შეჩერდა. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

სკოლის დირექტორის ინფორმაციით, შენობაში საკომუნიკაციო გაყვანილობების მონტაჟი დასრულებულია.

“ამ დროისთვის შეიძლება ითქვას, რომ ბლოკით მშენებლობის პროცესი დასრულებულია. შიგნით შეყვანილია ინტერნეტის, ვიდეოთვალისა და სიგნალიზაციის კაბელები. ასევე ელექტროენერგიის გაყვანილობაც თითქმის დასრულდა, ბოლოს რომ ვიყავი მისული ხარაჩოები ჰქონდათ მიდგმული, ალბათ გარედან ლესვაც უნდა დაეწყოთ მალე, მაგრამ რამდენიმე დღეა შეაჩერეს”,  – გვითხრა ელენე ხუციშვილმა.

ინფორმაციისთვის, პატარა მეჯვრისხევის სკოლის მშენებლობა გასულ წელს დაიწყო. სამუშაოები წლის ბოლომდე უნდა დასრულდეს. პროექტის მიხედვით შენობა 150 მოსწავლეზე გათვლილია.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.