გურჯაანში დიალიზის პროგრამით მოსარგებლეები ტრანსპორტირების გაორმაგებულ თანხას მიიღებენ

702

გურჯაანის მუნიციპალიტეტში, დიალიზის პროგრამით მოსარგებლე, დაუნის სინდრომის, 0 – 7 წლამდე ასაკის აუტისტური სპექტრის აშლილობის და ადრეული განვითარების შეფერხების მქონე ბავშვთა სატრანსპორტო ხარჯის თანადაფინანსების ქვეპროგრამით მოსარგებლე ბენეფიციარებს, ტრანსპორტირებისთვის გამოყოფილი თანხა გაუორმაგდათ.

გურჯაანის მუნიციპალიტეტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური მომსახურების სამსახურის ხელმძღვანელის, სოფიო ქუმსიაშვილის განცხადებით, 72 ბენეფიციარი თანხას მიმდინარე თვიდან მიიღებს.

,,საგანგებო მდგომარეობის მოქმედების პერიოდში, საჭიროდ მივიჩნიეთ, რომ 72 ბენეფიციარისთვის გაგვეორმაგებინა აღნიშნული თანხა. ეს ითვალისწინების ტრანსპორტით გადაადგილების საფასურის თანადაფინანსებას”.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 208 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 46 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 3.