დავითაშვილი: კატეგორიულად გამოვრიცხავ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის დროს

486

საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს საგაგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და მე ხაზგასმით ვამბობ, რომ პური არ უნდა გაძვირდეს, – ეს განცხადება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მისი თქმით, დღეს ამ თემაზე ასოციაციის წევრებთან შეხვედრა გაიმართა. როგორც დავითაშვილმა აღნიშნა, ხორბლის ფასის მცირედ მერყეობას სახელმწიფო დაასუბსიდირებს.

„პურის ფასი არ უნდა გაიზარდოს, ამას ხაზგასმით ვამბობ და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. როდესაც ვსაუბრობთ საგანგებო მდგომარეობაზე, საგანგებო მდგომარეობა გულისხმობს საგაგებო უფლებებსაც კონკრეტული ბიზნესოპერატორების მიმართაც და მე ძალიან მკაცრად შემიძლია განვაცხადო, რომ დღეს პურის ფასი არ უნდა გაძვირდეს იმიტომ, რომ ამას ობიექტური წინაპირობა არ უნდა ჰქონდეს.

მიუხედავად იმისა, რომ დავინახეთ ხორბლის ფასის მცირე მერყეობა, ეს არის დროებითი მოვლენა და სახელმწიფოს თავისი საკომპენსაციო პროგრამით, რომელიც რამდენიმე პროდუქტზე განვახორციელეთ, ეს ფასი აქვს დაზღვეული. ჩვენ ვთავაზობთ იმპორტიორებს და ფქვილის მწარმოებლებს რეჟიმს, რომლის მიხედვითაც მათ შეუძლიათ მიიღონ კომპენსაცია იმისათვის, რომ ფქვილის ფასი შეინარჩუნონ 10 მარტის მდგომარეობით. დღეს შევხვდით ასოციაციას იმისთვის, რომ ფასი არ გაძვირდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი საგანგებო მდგომარეობისას, რათა მოსახლეობას დამატებითი პრობლემა რომ შეექმნას. ამდენად, კატეგორიულად გამოვრიცხავ პურის გაძვირებას საგანგებო მდგომარეობის დროს”, – განაცხადა დავითაშვილმა

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა. დღეს ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა თბილისშიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.