ფოთის მერმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი ჩარიცხა

672

ფოთის მერმა გოჩა კურდღელიამ, რომელიც კომპანია ,,Caucasian Metals Terminal”, დამფუძნებელია, თავის პარტნიორ შვეიცარულ-ავსტრიული კომპანია „Industrial Minerals”-თან ერთად, კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში 100 000 ლარი გადარიცხა.

„COVID-19 არის მსოფლიოს ახალი გამოწვევა, რომელთანაც ბრძოლა ჩვენს ქვეყანასაც უწევს. საქართველოს მთავრობის მყისიერი ღონისძიებებით, კორონავირუსის გავრცელების რისკები მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მან მაინც შეძლო ზიანი მიეყენებინა ჩვენი მოქალაქეებისა და ქვეყნისათვის. ეს არის ჩვენი მცირედი შენატანი, რომელიც მოხმარდება ქვეყნისთვის ისეთ მნიშვნელოვან საქმეს, როგორიცაა ბრძოლა ვირუსის შესაჩერებლად და იმ მოქალაქეების დასახმარებლად, რომელთაც შექმნილმა მდგომარეობამ სხვადასხვა სახის პრობლემები შეუქმნა “ ,- აცხადებს ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია.

პრესსამსახურის ცნობით, გოჩა კურდღელია მადლობას უხდის კომპანია „Industrial Minerals და „Caucasian Metals Terminal”-ის ყველა თანამშრომელს, მაღალი სამოქალაქო აქტივობისა და სოციალური პასუხისმგებლობისთვის.

გარდა ამისა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია და მერიის პოლიტიკური გუნდი უერთდება მმართველი პარტიის ინიციატივას და ხელფასების ერთ მესამედს კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში გადარიცხავს.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.