ლევან დავითაშვილი: ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილი გამონაკლისის სახით იფუნქციონირებს

932

აგრარული ბაზრის ფუნქციონირება შესაძლებელია სეს-ის სტანდარტით. რომელიც  შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან. თუ აგრარული ბაზრები დააკმაყოფილებენ სეს-ის სტანდარტს გააგრძელებენ მუშაობას, – ამის შესახებ სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დავითაშვილის განცხადებით, ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების ნაწილი გამონაკლისის სახით იფუნქციონირებს.

„იქიდან გამომდინარე, რომ ყოველ დღე ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია იცვლება, გადაწყვეტილებები მიიღება სწრაფად და ადეკვატურია იმ რისკიდან გამომდინარე, რომელიც არსებობს, მათ შორის, გათვალისწინებულია ექიმების მნიშვნელოვანი რეკომენდაცები. აგრარული ბაზრები ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე დაავადების გავრცელების რისკის შემცველი იყო. აქედან გამომდინარე იქნა გადაწყვეტილება მიღებული, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება იქნება შეზღუდული, თუმცა, იქნება გამონაკლისები, რისი გადაწყვეტილებაც შეეძლება ადგილზე არსებულ სპეციალურ სამუშაო ჯგუფებს, შტაბებს, რომლებიც რეგიონალურ ჭრილში სახელმწიფო რწმუნებულებთან ერთად არსებობს. კონკრეტულად, უფრო დეტალურად მოგახსენებთ, რომ აგრარული ბაზრების ფუნქციონირება შესაძლებელია მხოლოდ იმ სტანდარტის დაკმაყოფილების შედეგად, რომელიც შეიმუშავა გუშინ სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, რომელიც შეჯერებულია ჯანდაცვის სამინისტროსთან“, – განაცხადა მინისტრმა.

მინისტრის განცხადებით, აგრარული ბაზრის მუშაობის და მოვაჭრეთა ქცევის წესები ხელმისაწვდომია სურსათის უვნებლობის სამსახურის ვებგვერდზე.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა. დღეს ყველა აგრარული ბაზარი დაიკეტა თბილისშიც.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.