მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარების კამპანიას გორის მარკეტები შეუერთდნენ. შიდა ქართლის რწმუნებულის ადმინისტრაციისა და „წითელი ჯვრის“ ორგანიზებით, გორში მდებარე მარკეტებში აქცია მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც მოსახლეობას შესაძლებლობა ეძლევა, კამპანიას შეუერთდნენ და თანამოქალაქეების დახმარებაში თავიანთი წვლილი შეიტანონ.
აქციის ფარგლებში, ნებისმიერ მსურველს საშუალება ექნება, შეიძინოს პროდუქტები, რომელსაც „წითელი ჯვრის” მოხალისეები ადგილზე გაუწევენ რეკომენდაციას და „წითელ ჯვრის“ კუთხეში დატოვონ. მოგროვილი პროდუქტები მოხალისეების დახმარებით სამიზნე ოჯახებს გადაეცემათ.
აქციის მიმდინარეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი ხოჯევანიშვილი გაეცნო და თავადაც მიიღო მონაწილეობა.
ასევე, რწმუნებულმა ქსელური მაღაზიის მარაგებთან დაკავშირებითაც მიიღო ინფორმაცია.
„კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ჩართულობა. ამ ინიციატივის ფარგლებში ჩვენ, თითოეული ადამიანი ვეხმარებით მათ, როლებსაც შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე ყველაზე მეტად სჭირდებათ თანადგომა“, – აღნიშნა რწმუნებულმა.
პროდუქტი მარტოხელა მოხუცებსა და სოციალურად დაუცველ ოჯახებს მოხალისეების საშუალებით გადაეცემა.
რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ღონისძიება უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციით ხორციელდება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.