გურიის რეგიონში მოძრავმა „სასურსათო მაღაზიებმა“ დაიწყო მუშაობა.
გურიის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტების იმ სოფლებში, სადაც მაღაზია არ ფუნქციონირებს და ადგილობრივებს ტრანსპორტით გადაადგილება უჭირთ, განსაკუთრებით კი მაღალმთიან სოფლებში, მოსახლეობას მოძრავი „სასურსათო მაღაზია“ ადგილზე მოემსახურება.
მაღაზიების მეშვეობით ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება აქვთ, სახლიდან გაუსვლელად სხვადასხვა სახის პროდუქტი შეიძინონ.
ოზურგეთის სოფლებში სასურსათო პროდუქტის დარიგების პროცესს გურიის სახელმწიფო რწმუნებული ზურაბ ნასარაია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო და მოსახლეობას გაესაუბრა.
„სასურსათო მაღაზიების“ გადაადგილება რეგიონის სამივე მუნიციპალიტეტში კვირაში ორჯერ მოხდება.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად დაიხურა.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.