ქუთაისში მიუსაფარი ძაღლებისთვის საკვებსა და მედიკამენტებს აგროვებენ

607

კორონავირუსის ეპიდემიის შეჩერების გამო კვების ობიექტების დახურვამ მიუსაფარი ძაღლები საკვების გარეშე დარჩენა გამოიწვია. ქუთაისში მოხალისეთ ჯგუფმა მალევე ორგანიზაცია “ერთგული მეგობრებისთვის” შექმნა, სადაც შემოსული შემოწირულობებით ოთხფეხა მეგობრებს საკვებით და მედიკამენტებით ეხმარებიან. ინფორმაციას ქუთაისი პოსტი ავრცელებს.

ორგანიზაციის ერთერთი დამფუძნებლის რამზეს კილასონიას თქმით, სიტუაცია ძალიან რთულია, რადგან ბევრი ძაღლი დაავადმყოფდა. მისივე თქმით, გავრცელებული ძირითადი დაავადებები სოკო და კანქვეშა ტკიპაა. მედიკამენტების შეძენა კი სიძვირის გამო ძალიან უჭირთ.

“12 ძაღლს ვუმკურნალეთ. დაახლოებით, 250 მიუსაფარი ძაღლის გამოკვებას ვახერხებთ, ჯერჯერობით”, – ამბობს რამზეს კილასონია.

მოხალისეები ძაღლებს საკვებით ქუთაისის მასშტაბით ყოველდღიურად დღეში ერთხელ კვებავენ. მათი თქმით, წამოწყებას კარგი გამოხმაურება აქვს და რიგითი ადამიანები თუ ორგანიზაციები მიუსაფარ ძაღლებს სხვადასხვა საშუალებით ეხმარებიან.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 195 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 39 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.