კახეთის სახელმწიფო რწმუნებული: არ არის აკრძალული სახლის წინ პატარა სავაჭრო ობიექტის მოწყობა

769

რეგიონში ბაზრების დახურვასთან დაკავშირებით დღეს კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა  ირაკლი ქადაგიშვილმა კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, ადგილობრივმა საოპერაციო შტაბმა მისი დახურვის გადაწყვეტილება იქიდან გამომდმინარე მიიღო, რომ ბაზრობები წარმოადგენს თავშეყრის ადგილს.

„ბაზრობები წარმოადგენს თავშეყრის ძალიან დიდ ადგილს, სადაც ვაჭრობა ხდება ერთი ხელიდან, ფულის მიცემა და ა.შ. და დიდი რისკია, რომ აქ ვირუსის გადაცემის კერა გაჩნდეს. გვესმის, რომ ეს არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული ზომები, გარკვეული ადამიანები ზიანდებიან, მაგრამ განსაკუთრებული პრიორიტეტი ჩვენთვის ეს არის ადამიანების ჯანმრთელობა და საფრთხის თავიდან აცილება. ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით, მივიღეთ ბაზრების დახურვის გადაწყვეტილება. თუმცა, მინდა გითხრათ, რომ იმდენი სავაჭრო ობიექტია, რომ მოსახლეობას პროდუქტის დეფიციტი არ შეექმნება“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

მოვაჭრეების ნაწილმა ახალი პროდუქტი, ბაზრის დახურვის წინა დღეს შეიძინა, რადგან მათ ამ გადაწყვეტილების შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდათ. სწორედ ამის გამო, ისინი პრობლემის წინაშე არია, რადგან არ იციან რა მოუხერხონ დიდი რაოდენობით მალფუჭებად პროდუქტს.

ამასთან დაკავშირებით, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა, რომ ბაზრების ადმინისტრაციის გაფრთხილება 2 დღით ადრე მოხდა:

„სპეციალურად არ დაიხურა ბაზრები შაბათ-კვირას, რომ იქ არსებული პროდუქცია ამოყიდულიყო. ასევე, არ არის აკრძალული სახლის წინ პატარა სავაჭრო ობიექტის მოწყობა, მაგრამ იქაც დაცული უნდა იყოს ყველა ის პირობა, რაც განსაზღვრულია კოვიდ 19-ის წინააღმდეგ სტანდარტებით”.

ბაზარი დაიხურა გურჯაანშიც, თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ ხორცით მოვაჭრეებმა საქონელი გუშინ დაკლეს, მათ დღეს ხორცის რეალიზების შესაძლებლობა მისცეს.

ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.