სურამში ,,სიკეთის ტაქსი” მუშაობს

2670

სურამში მცხოვრებმა რეზი გელაშვილმა და გურამ ბლიაძემ გადაწყვიტეს, საკუთარი ავტომანქანებით უფასოდ მოემსახურონ იმ მოქალაქეებს, რომელთა სამსახურიც არ გაჩერებულა და სურამიდან ხაშურში სამუშაოდ დადიან. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს. 

იდეა მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც კორონავირუსის გავრცელების გამო ქვეყანაში მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობა აიკრძალა.

მოხალისე მძღოლებს მათი მეგობარი თამუნა ზარიძეც შეუერთდა, რომელიც თბილისიდან დროებით სურამში, საკუთარ აგარაკზე გადასახლდა.

საკუთარი ინიციატივის შესახებ სოციალურ ქსელში დაწერეს და შედეგმაც არ დააყოვნა.

საკუთარი სახსრებით ყოველ დღე საწვავის ყიდვას ვერ შეძლებდნენ და გადაწყვიტეს, დახმარება მოქალაქეებისთვის ეთხოვათ. შეგროვებული თანხა სურამი-ხაშურის ყოველდღიური უფასო მარშრუტის საწვავსაც ეყო და საკვებ პროდუქტსაც, რომელიც გაჭირვებულ ოჯახებს დაურიგეს.

მეგობრები აპირებენ მანამდე დაეხმარონ მოქალაქეებს, სანამ საწვავის და პროდუქტების ყიდვას შეძლებენ.

რეზო გელაშვილი ქართული ცეკვის პედაგოგია და საკუთარი ანსამბლი აქვს სურამში და ხაშურში. გურამ ბლიაძე კი, ქვიშხეთის გვირაბის მშენებლობაზე იყო დასაქმებული, სადაც კორონავირუსის საფრთხის გამო მუშაობა დროებით შეჩერდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.