ტიკარაძე: კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე ეტაპობრივად გადავალთ

681

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, კორონავირუსის შემთხვევების სახლში მკურნალობის პრაქტიკაზე საქართველო ეტაპობრივად გადავა.

როგორც ტიკარაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს იმის მიხედვით მოხდება, ქვეყანას რამდენად რთულ შემთხვევებთან ექნება საქმე.

„მსგავსი პრაქტიკა უკვე გამოიყენა არერთმა ქვეყანამ და ეს არის საკმაოდ ეფექტური პრაქტიკა. ჩვენ სატესტო რეჟიმში გვაქვს საკმაოდ დადებითი დინამიკა იმასთან დაკავშირებით, რომ 112-ზე შემომავალი ზარების სრული მონიტორინგი უკვე ხორციელდება ჩვენი ოჯახის ექიმების მხრიდან და ხდება სათანადოდ საკმაოდ კვალიფიციური დიაგნოსტირება და კონსულტაციის გაწევა. ეს პრაქტიკა ნელ-ნელა კიდევ უფრო დაიხვეწება და უკვე გამოვლენილი შემთხვევების მიხედვით შევძლებთ ეტაპობრივად გადავიდეთ სახლში მკურნალობის შემთხვევების მენეჯმენტზეც იმის მიხედვით, თუ რამდენად რთულ და გართულებულ შემთხვევებთან გვექნება საქმე. ამის სტატისტიკასაც ეტაპობრივად გავაცნობთ მოსახლეობას“, – განაცხადა ტიკარაძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.