იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ადმინისტრაცია აგრარული ბაზრების ალტერნატივაზე მუშაობს – ამის შესახებ BM.GE-ის ადმინისტრაციაში განუცხადეს.
როგორც იქ განმარტავენ, ალტერნატიული მოდელი დამუშავების პროცესშია და ის უნაღდო ანგარიშსწორებას ითვალისწინებს.
„სახელმწიფო რწმუნებული მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად მუშაობს ალტერნატიულ გეგმაზე – ეს არის მობილური ბაზრობები, რომელიც შესაძლოა 12-ვე მუნიციპალიტეტში გაიშალოს, რომ ადგილზე ჰქონდეს მომხმარებელს პროდუქტების შეძენის შესაძლებლობა, რომელიც ელექტრონულ გადახდას ითვალისწინებს და გულისხმობს იმას, რომ ტრანსპორტში ჩაიტვირთება სოფლის მეურნეობის პროდუქტები და მანქანები ივლიან მუნიციპალიტეტებში. ეს გამორიცხავს ფულთან დაკავშირებულ რისკებს. ეს იდეა მუშავდება და როგორც კი, დამტკიცდება მედიას ვაცნობებთ“, – აცხადებენ სახელმწიფო რწმუნებულის აპარატში.
შეგახსენებთ, რომ იმერეთის 12 მუნიციპალიტეტში აგრარული ბაზრები 4 აპრილიდან აღარ ფუნქციონირებს.
ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციისათვის, რეგიონების აგრარული ბაზრები ეტაპობრივად იხურება.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.