ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
პაატა იმნაძემ მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა და განმარტა, რომ ყველა გაცემული რეკომენდაცია დროს უსწრებს და მათი ეფექტი დროთა განმავლობაში გამოჩნდება.
“ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისა და ჩვენი ქვეყნისთვის. მე ყოველთვის ვცდილობ, ნებისმიერი ჩვენი აკრძალვა და რჩევა იყოს საფრთხის ადეკვატური. ამავე დროს მინდა, კარგად გავითავისოთ ყველამ, რომ ორი კვირის წინ რა რჩევებსაც ვიძლეოდით ყველა, იმის დაცვა ან არდაცვა ჩნდება დღეს. დღეს ჩვენ რა რჩევებსაც ვიძლევით და რა აკრძალვებსაც ვამბობთ, ამის ეფექტი გამოჩნდება ორი კვირის შემდეგ. ჩვენ ყოველთვის დროს უნდა ვუსწრებდეთ ჩვენი აკრძალვებით თუ რჩევებით. აქედან გამომდინარე, მე მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, დავიცვათ ჩვენი დედა ეკლესია, დავიცვათ მღვდელმთავრები ეკლესიაში არ მისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არამხოლოდ ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი არ დაიკეტება, იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა იმნაძემ.
ჯერ კიდევ აქტუალურ საკითხად რჩება ეკლესიებში წირვა-ლოცვის ჩატარებისას მრევლის დასწრება. როგორც საპატრიარქო აცხადებს, ისინი იცავენ ყველა რეკომენდაციას და ღვთისმსახურების დროს მრევლს მოუწოდებენ, დისტანცია დაიცვან. საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ანდრია ჯაღმაიძე ამბობს, რომ არ მიუღიათ გადაწყვეტილება, თუ რა იქნება აღდგომის დღესასწაულზე, რადგან სიტუაციის განმუხტვას ელოდებიან. მისივე თქმით, კომენდანტის საათის დროს მორწმუნე სახლში უნდა იყოს.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.