ამ დროისთვის რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში თვითიზოლაციასა და კარანტინში არც ერთი ადამიანი არ იმყოფება

863
სახელმწიფო რწმუნებული რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში

რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის გუბერნატორის, არჩილ ჯაფარიძის განცხადებით, ამ დროისთვის რეგიონში თვითიზოლაციასა და კარანტინში არც ერთი ადამიანი არ ჰყავთ.

“ამ დროისთვის, რაჭა-ლეჩხუმ ქვემო სვანეთის რეგიონში არ გვყავს არც ერთი პაციენტი თვითიზოლაციაში და კარანტინში, ყველა მოხსნილია უარყოფითი დიაგნოზით. სულ გვყავდა 72 პაციენტი, მათ შორის 67 თვითიზოლაციაში და 5 საკარანტინო ზონაში. მუნიციპალიტეტების მერებს მივეცი დავალება, დღეიდან, საჭიროების შემთხვევაში მაღალი რისკჯგუფის მქონე ადამიანების გადაადგილება, საკვებისა და მედიკამენტების შესაძენად, უზრუნველყონ სოფლის რწმუნებულმა და დეპუტატმა, მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით. შესაბამისად, თუ ვერ ახერხებთ ტრანსპორტირებას და გაქვთ აუცილებელი საჭიროება მიმართეთ მათ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია თითოეული თქვენგანის ჯანმრთელობა და უსაფრთხოება”, – განაცხადა ჯაფარიძემ.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 188 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 36 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილია – 2.