დედაქალაქის მერის, კახა კალაძის ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის გამო, ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სერვისების მიღება, გამგეობების ნაცვლად, თბილისის მერიაშია შესაძლებელი. ამის შესახებ მან გადაცემაში “დღის ქრონიკა” ისაუბრა.
მისი თქმით, მერიაში ყველა რეკომენდაცია გათვალისწინებულია და მოქალაქეებს ერთმანეთთან პირდაპირი კონტაქტი არ აქვთ.
„გვქონდა იმის შესაძლებლობა, რომ ისე მოგვეწყო ყველაფერი, ადამიანებს ერთმანეთთან კონტაქტი არ ჰქონოდათ, შესაბამისად, ყველა სერვისის მიღება შეუძლიათ, მერიაში უნდა მივიდნენ, გააკეთონ განცხადებები დისტანციურად, აქვთ ამის შესაძლებლობა. ჩვენ ისე გვაქვს აწყობილი ბექოფისი, რომ არ წარმოადგენს პრობლემას, პირდაპირი კონტაქტი არ აქვთ ადამიანებს ერთმანეთთან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი”, – განაცხადა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, მერიაში დროებით შეჩერებულია სხვადასხვა კომისიის მუშაობაც. “დროებით შევაჩერეთ მათი საქმიანობა. მერიის თანამშრომლების ძალიან დიდი ნაწილი სახლიდან მუშაობს, დისტანციურ მართვაზე ვართ. დღეს დარჩნენ მხოლოდ ის ადამიანები, რომელთა უშუალოდ ყოფნა აუცილებელია იმ სამუშაოების წარმოებისთვის, რომ ეს ელემენტარული, რაც გვაქვს დატოვებული მუნიციპალური სერვისები, ცხელი ხაზი, თბილსერვის ჯგუფი, მუნიციპალური ინსპექცია. ეს არის ის მიმართულებები რომელთა მუშაობა ყოველდღიურ რეჟიმში არის ქალაქისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ყველა ჩემს თანამშრომელს, მინდა, განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო ამ რთულ ვითარებაში თავდაუზოგავი შრომისთვის“, – განაცხადა კალაძემ.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე კარანტინი გამოცხადდა.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის, მეტროთი, გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით კომენდანტის საათი მოქმედებს, რის გამოც გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით მოსიარულეებს. მათთვის კი, ვისი მუშაობაც ამ პერიოდში აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.
გარდა ამისა, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 204 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 148 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 27 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 5392, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 319 მოქალაქე იმყოფება.