კალაძე: მინდა ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, მრევლს მოუწოდონ, რომ ქუჩაში გამოსვლისგან თავი შეიკავონ

879

მინდა, ვთხოვო ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის , – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.

კახა კალაძის თქმით, ქართული ეკლესია ძნელბედობის ჟამს ყოველთვის ქვეყნის სადარაჯოზე იდგა. მისივე განცხადებით, ახლა როგორც არასდროს გვჭირდება ერთიანობა.

„ქართული სამოციქულო ეკლესია, ყოველთვის იდგა და დგას ქვეყნის ინტერესების მხარეს. მე კიდევ ერთხელ მინდა ვთხოვო, ჩვენს მამებს, მეუფეებს, მღვდელმთავრებს, რომ მაქსიმალურად ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ რაც შეიძლება გაძლიერებულად ილოცონ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და მრევლს მოუწოდონ, რომ მაქსიმალურად თავი შეიკავონ ქუჩაში გამოსვლისგან. დღეს, ისე როგორც არასდროს, გვჭირდება ერთიანობა. თუ ჩვენ გადავხედავთ ჩვენს ისტორიას, ეკლესია ძნელბედობის ჯამს ყოველთვის იდგა ქვეყნის სადარაჯოზე და მე დარწმუნებული ვარ, ეს ასე იქნება მომავალშიც“, – განაცხადა კახა კალაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 115 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 22 უკვე გამოჯანმრთელდა.