ქუთაისში შემავალ გზებს დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადა მკაცრად აკონტროლებს

1517

საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კარანტინის გამოცხადებასთან დაკავშირებით, საქართველოს შვიდ ქალაქში შემავალ გზებს დღეს დილიდან თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეები შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად აკონტროლებენ.

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, თავდაცვის ძალების დასავლეთ სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის პირადმა შემადგენლობამ, ქალაქ ქუთაისში შემავალ გზებზე 9 გამშვები პუნქტი მოაწყო.

საკონტროლო გამშვებ პუნქტებზე თავდაცვის ძალების წარმომადგენლები საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების მიხედვით ახორციელებენ მოქალაქეთა გადაადგილების კონტროლს. ადგილზე გაშლილია საველე კარვები, სადაც თავდაცვის ძალების სამედიცინო პერსონალი მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმებასა და პირველად თერმოსკრინინგს აწარმოებს. საკონტროლო გამშვებ პუნქტებთან სამხედროები სპეციალური ტექნიკით უზრუნველყოფენ ტერიტორიაზე შემავალი და გამომავალი ავტოტრანსპორტის სადეზინფექციო ხსნარით დამუშავებას.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.