“ვისაც გჭირდებათ, წაიღეთ” – წარწერა გორის სოფელ ტყვიავის სასურსათო მაღაზიასთან

1132

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტყვიავში მდებარე მაღაზიის მეპატრონე ორი დღეა სხვადასხვა სახის პროდუქტებს უფასოდ არიგებს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

ნოდარ გიგუაშვილის თქმით, ეს იდეა მას შემდეგ გაუჩნდა, როდესაც ქვეყანაში უამრავი ინფორმაცია, შეჭირვებული ხალხის მდგომარეობის შესახებ, გაჩნდა:

“მოვიძიე ჩვენს სოფელში, ვის შეიძლებოდა დავხმარებოდი. გუშინ დაახლოებით 10 ოჯახთან ვიყავი უკვე. რაც შემეძლება, მხარში დავუდგები ჩემ ხალხს,” – ამბობს მაღაზიის მეპატრონე.

ნოდარ გიგუაშვილს პურის საცხობიც აქვს. დღეს მოქალაქეებს საცხობიდან პურის წაღებაც შეუძლიათ უფასოდ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს. ხოლო იმ მოქალაქეების შემთხვევაში, ვისი მუშაობაც აუცილებელია, გადაადგილება სპეციალური საშვებით მოხდება. ყველა მოქალაქეს ქუჩაში გადაადგილებისას, დღის ნებისმიერ დროს, თან უნდა ჰქონდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.