ენგურის ხიდთან საველე კარვები მოეწყო და ოკუპირებული აფხაზეთიდან გადმოსულ პირებს ამოწმებენ

537
სენაკის სამხედრო ბაზიდან თავდაცვის სამინისტროს ძალები სამეგრელოში არსებულ საგუშაგოებზე გუშინ გვიან ღამით განლაგდნენ. ყველას ვისაც სპეციალური გამშვები პუნქტის გავლა უწევს, ტემპერატურას უმოწმებენ.

დამატებით კიდევ 6 საგუშაგო მოეწყო ზუგდიდის მუნიციპალიტეტთან. საველე კარვებია მოწყობილი ენგურის ხიდთანაც და გამკაცრებული კონტროლია ეგრეთწოდებულ საზღვართან, აფხაზეთიდან გადმოსულ ყველა მოქალაქეს შესაბამისი კვლევა უტარდება. მკაცრად კონტროლდებიან მსუბუქი ავტომობილებისა და ტრაილერის მძღოლები.

მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი ემორჩილებიან არსებულ შეზღუდვებს.

ფოთის მერის გოჩა კურდღელიას განცხადებით, ქალაქში შემსვლელ და გამომსვლელ მგზავრებს მკაცრად ამოწმებენ.

„მთავრობის დადგენილების შესაბამისად, ქალაქ ფოთის ორივე შესასვლელ და გამოსასვლელთან გაიხსნა ბლოკ-პოსტები, სადაც შინაგან საქმეთა სამინისტროს, თავდაცვისა და ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები არიან განთავსებულები და ქალაქში შემოსულ და გასულ მანქანებსა და მგზავრებს უკეთებენ თერმოსკრინინგს. სატვირთო ტვირთების შემოტანა და გადაზიდვა ხორციელდება შეუფერხელბლად“, – განაცხადა კურდღელიამ.

თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთისა და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. შსს-ს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, თავდაცვის ძალებთან ერთად, საკონტროლო პუნქტების მეშვეობით, აღნიშნული ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე ადამიანთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას აკონტროლებენ. ასევე, ადგილზე ხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინი გამოცხადდა. 

კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.

ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.

21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 110 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.