კომპანიების წარმომადგენლებმა M2 კატეგორიის ავტობუსების გადაადგილებასთან დაკავშირებული ნებართვის მისაღებად, თბილისის მერიას განცხადებით უნდა მიმართონ. ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს.
მათ ვისაც სურს, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების თანამშრომლებს მოემსახურონ და თბილისის მასშტაბით სპეციალური რეგულარული გადაყვანა უზრუნველყონ, განცხადებით დედაქალაქის მერიას უნდა მიმართონ.
შესაბამისი ნებართვა თბილისის მერიისგან კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და აღკვეთის მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებებთან დაკავშირებით გაიცემა.
ამასთან, აღნიშნულმა კომპანიამ მგზავრთა გადაყვანამდე არაუმეტეს 10 საათით ადრე, სატრანსპორტო საშუალების დეზინფექცია უნდა უზრუნველყოს.
მომსახურებისა და სპეციალური რეგულარული გადაყვანის ნებართვა განცხადებას დართული მარშრუტების შესაბამისად მიეცემათ – სურსათის/ცხოველის საკვების, ცხოველის, ცხოველური და მცენარეული პროდუქტების, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის, ვეტერინარული პრეპარატების, პესტიციდებისა და აგროქიმიკატების, სათესლე და სარგავი მასალების საცალო რეალიზაციასთან დაკავშირებულ, ასევე, ელექტროკომუნიკაციის, ელექტროენერგიის, ბუნებრივი გაზის, წყლის, ბენზინის, დიზელის, თხევადი აირის მიწოდებასთან დაკავშირებული კომპანიების წარმომადგენლებს.
თბილისის მერიისგან გადაადგილების ნებართვას ასევე მიიღებენ სამედიცინო დანიშნულების საქონლის, ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციასთან დაკავშირებული კომპანიების, საქონლის/პროდუქტის საცალო/საბითუმო მიწოდება/რეალიზაციის განმახორციელებელი ის კომპანიები, რომლებშიც საცალო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით, ხოლო საბითუმო მიწოდება/რეალიზაცია ხორციელდება ადგილზე მიტანის მომსახურებით ან ადგილიდან გატანით მომხმარებლის სარეალიზაციო სივრცეში დაშვების/წვდომის გარეშე; ნებართვის მისაღებად, მუნიციპალიტეტის მერიას პრესის ჯიხურების მომარაგებასთან დაკავშირებულმა კომპანიებმაც უნდა მიმართონ.
ამ საქმიანობების განხორციელების მიზნით, საჭირო პერსონალის M2 კატეგორიის ავტობუსით გადაყვანასთან დაკავშირებით, კომპანიებმა დოკუმენტაცია თბილისის მერიის შესაბამის სამსახურში უნდა წარადგინონ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 31 მარტიდან საქართველოს მთელს ტერიტორიაზე ფაქტობრივი კარანტინია გამოცხადებული.
კარანტინის ფარგლებში სრულად იკრძალება ნებისმიერი ტიპის საზოგადოებრივი ტრანსპორტით, მათ შორის მეტროთი გადაადგილება. 21 საათიდან დილის 6 საათამდე კი ქვეყნის მასშტაბით ე.წ. კომენდანტის საათი ცხადდება და გადაადგილება ეზღუდება როგორც ქვეითად, ასევე ტრანსპორტით მოსიარულებს.
ამასთან, სასურსათო მაღაზიებსა და აფთიაქების გარდა, საქართველოში 3 პირზე მეტის შეკრება აიკრძალა.
21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 108 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 21 უკვე გამოჯანმრთელდა.