აპრილის სოციალური დახმარებებისა თუ პენსიების წინასწარ ჩარიცხვის ფონზე ბანკებთან გრძელი რიგები გაჩნდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.
გორში საქართველოს ბანკისა და ლიბერთიბანკის შენობების წინ პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.
“ვთხოვთ ყველას, არ გამოვუშვათ სახლებიდან ჩვენი ბებიები, ბაბუები, დედები და მამები, ვიდრე არ გადაამოწმებთ პენსიის ნაღდი ფულით გატანის თარიღს. შევეცადოთ, ყველაფერი გავაკეთოთ იმისთვის, რომ ერთად დავიცვათ უფროსი თაობა კორონავირუსით დაინფიცირების მომატებული საფრთხეებისგან. დაეხმარეთ მათ შეამოწმონ პენსიის ნაღდი ფულით მიღების თარიღი www.myliberty.ge -ზე. საპენსიო თანხები ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს სავაჭრო ობიექტებსა და აფთიაქებში ბარათით გადახდისას,” – წერს ლიბერთი ბანკის ადმინისტრაცია.
კორონავირუსთან დაკავშირებით, საბანკო სექტორი საგანგებო რეჟიმში მუშაობს.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.