ოქტომბერში საარსებო შემწეობა 655 734-მა ადამიანმა აიღო

242

სოციალური მომსახურების სააგენტოს მონაცემებით, ოქტომბერში საარსებო შემწეობა 655 734-მა სოციალურად დაუცველმა აიღო, რაც საქართველოს მთლიანი მოსახლეობის 17.6%-ია.

ოქტომბერში, სექტემბერთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 5 099-ით შემცირდა. გასულ თვეში საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახებზე ბიუჯეტიდან ჯამში 56 165 138 ლარი დაიხარჯა.

სოციალური მომსახურების სააგენტოს ინფორმაციით, 2019 წლის დეკემბრიდან 2022 წლის აგვისტოს ჩათვლით, ქვეყანაში საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა ყოველთვიურად იზრდებოდა. მხოლოდ მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოს პერიოდში კი მათი რაოდენობა 21 865-ით გაიზარდა.

აღსანიშნავია, რომ სექტემბერში, აგვისტოსთან შედარებით, საარსებო შემწეობის მიმღებთა რაოდენობა 9 208-ით შემცირდა. საარსებო შემწეობის მიმღები მოქალაქეების შემცირების მიზეზებზე საუბრისას ჯანდაცვის სამინისტროში „ბიზნეს ფორმულას“ განუცხადეს, რომ სექტემბრის განახლებულ სტატისტიკაში არ ასახულა იმ ოჯახების მაჩვენებელი, რომელთა გადამოწმებაც მონაცემების გამოქვეყნების მომენტში მიმდინარეობდა.