მოძრაობა „შეცვალეს“ მოხალისეებმა ქუთაისში ოჯახებს საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები მიუტანეს

440

მოძრაობა „შეცვალეს“ მოხალისეები ქუთაისში მრავალშვილიან, სოციალურად დაუცველ ოჯახებს ესტუმრნენ და მათ საკვები პროდუქტები და ჰიგიენის საშუალებები მიუტანეს.

„+1 მოხალისის“ კამპანია ქვეყნის მასშტაბით გრძელდება. ვიდრე შესაძლებლობა გვექნება მივალთ ყველასთან ვისაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდება, რადგან მხოლოდ ერთობით შევძლებთ ამ ომის მოგებას“, – ნათქვამია მოძრაობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.