რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სამუშაოები, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.
ამ დროისთვის, სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს. საერთო ჯამში, 32 ხიდსა და 25 გვირაბზე სამუშაოები პარალელურ რჟიმში ხორციელდება. რაც შეეხება მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის ფარგლებში, საერთო ჯამში დაგეგმილია 51.6 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 96 ხიდსა და 53 გვირაბს მოიცავს. საერთო ჯამში რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობის დასრულება დაგეგმილია 2022 წლისთვის.
„რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს. თუ დღეს, წითელი ხიდიდან-სარფამდე მანძილის გავლას სჭირდება რვა საათი, სამომავლოდ დასჭირდება 4-4.5 საათი“, – ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.