აჭარაში 7000 ოჯახისთვის სასურსათო კალათის გადაცემა დაიწყო

814

აჭარაში 7000 ოჯახისთვის პროდუქტების გადაცემის პროცესი დაიწყო. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ცნობით, ამ გადაწყვეტილების შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ რამდენიმე დღის წინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მათივე ინფორმაციით, სურსათის შესაძენად აჭარის მთავრობის თავმჯდომარის სარეზერვო ფონდიდან 400 000 ათას ლარამდე გამოყო.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, 7000 ოჯახისთვის შეიძინეს პროდუქტები, რომელიც აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში გადანაწილდება და გადაეცემა ხანდაზმულებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, სოციალურად დაუცველებს, მარტოხელა პენსიონერებს, სარეცელს მიჯაჭვულ პირებს.

„ვირუსის გავრცელების პრევენციის კუთხით პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ყველას გააზრებული ჰქონდეს, რომ ქვეყანაში არის საგანგებო მდგომარეობა და ყველა განურჩევლად სტატუსისა უნდა ემორჩილებოდეს იმ წესებს, რომელიც აქვთ პირველ რიგში ჯანდაცვის უწყების წარმომადგენლებს. რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას, სულ რამდენიმე დღის წინ ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ დაახლოებით 7 ათასზე მეტ ადამიანს სახლში მივუტანოთ სასურსათო კალათა, რომელიც დაეხმარება ამ რთულ ვითარებაში გარკვეულწილად ყოფითი და სოციალური პრობლემების მოგვარებაში. ახალგაზრდებმა, როგორც ახალგაზრდობის რეგიონულმა ცენტრმა, ასევე ძალიან ბევრმა სამოქალაქო მოხალისემ გამოთქვა სურვილი ამ აქციაში ჩართულობის. წითელ ჯვართან ერთად ამ ადამიანებმა გაიარეს შესაბამისი ტრენინგი და ამ უსაფრთხოების ჰიგიენის, წესების დაცვით მოხდება ამ ოჯახებში სასურსათო კალათების დარიგება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს და წითელი ჯვრის ჩართულობით აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში გადამზადდა მოხალისეთა ჯგუფები, რომლებიც თავის მხრივ ორგანიზებას უწევენ დარიგების პროცესს, რათა დაცული იქნას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაცია. პროცესს კოორდინაციას ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი უწევს. მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე 300 მოხალისეა უკვე ჩართული. ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრი წითელ ჯვართან ერთად აგრძელებს მოხალისეთა რეგისტრაციას, გადამზადებას, ეკიპირებას. სურსათის დარიგების პროცესში და სოციალურად დაუცველ, მაღალი რისკ-ჯგუფში შემავალ პირებთან მიწოდებაში მონაწილეობა მიიღეს აჭარის მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, მუნიციპალიტეტის მერებმა, მოხალისეებმა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.