საქართველოს მთავრობა ოკუპირებული ტერიტორიებიდან გადმოყვანილი პირებისათვის სამედიცინო მომსახურების გასაწევად სრულ მზადყოფნაშია. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა რეგიონული განვითარების საკითხებში, სოზარ სუბარმა „პირველ არხთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ხელისუფლება ოკუპირებული ტერიტორიებიდან მომართვიანობის გაზრდას ელოდება და საჭიროების შემთხვევაში მათ დიაგნოსტირებას და ინფიცირებულთა მკურნალობას უზრუნველყოფს.
„აფხაზეთში კონტროლი პრაქტიკულად არ არსებობს, არ ვიცით იქ რა ვითარებაა და არც თვითონ იციან. ეს არის ყველაზე სახიფათო და ამიტომაც ყოველ წუთს ველოდებით, რომ იქიდან შეიძლება ადამიანების საკმაოდ დიდი ნაკადი იყოს, რომლებსაც შესაძლოა ჰქონდეთ დაავადება ან უბრალოდ კონტროლს საჭიროებდნენ და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ“, – აღნიშნა სუბარმა.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 98 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.