პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ემიგრანტების ჩამოყვანის პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება. ასე გამოეხმაურა პრემიერი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას ემიგრანტების ჩამოყვანასთან დაკავშირებით. მისივე თქმით, საქართველომ პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს ქვეყნის საელჩოებს და ისინი მათ სამშობლოში ჩამოყვანას უზრუნველყოფენ.
„საქართველო იყო ერთ-ერთი ქვეყანა, რომელმაც პირველივე დღიდან ოფიციალურად განაცხადა, რომ საქართველოს ყველა მოქალაქეს შეუძლია მიმართოს საელჩოებს და ჩვენ მათ ორგანიზებულად ჩამოვიყვანთ. ეს პროცესი გრძელდება და ამაში ქვეყანას არავის დახმარება არ სჭირდება“,-განაცხადა გიორგი გახარიამ.
ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში, სავალდებულო კარანტინში დაბრუნება უზრუნველყოს. როგორც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ დღეს ამ ინიციატივასთან დაკავშირებით განაცხადა, მათ უკვე მოძიებული აქვთ ავიაკომპანია, რომელიც ევროპის სხვადასხვა ქალაქიდან საქართველოს მიმართულებით ფრენებს განახორციელებს და საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნებას ისინი უფასოდ უზრუნველყოფენ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.