რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში ბაღების 870 აღსაზრდელს პროდუქტებს სახლში მიუტანენ

420

რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში კორონავირუსის გავრცელების აცილების მიზნით, სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი გადაიდო. ხოლო ის არამალფუჭებადი პროდუქტები, რომლებიც მიმდინარე არდადეგების დროს ბაგა-ბაღებში უნდა გამოყენებულიყო, ისევ ბავშვებს მოხმარდება, მუნიციპალიტეტებში საკვების დარიგების პროცესი უკვე დაიწყო.

როგორც მხარის რწმუნებულმა არჩილ ჯაფარიძემ აღნიშნა, ბავშვებისთვის პროდუქტების დარიგების პროცესში მოხალისეებიც არიან ჩართული და 870 აღსაზრდელს 1 თვის მარაგ პროდუქტებს სახლში მიუტანენ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 199 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 90 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 18 უკვე გამოჯანმრთელდა.