საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძე ამბობს, რომ ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის საკოორდინაციო საბჭოს პოზიცია უცვლელია და იგი ადამიანებს შორის კონტაქტების შემცირებას გულისხმობს.
„ჩვენ კიდევ და კიდევ ვრჩებით, ასე ვთქვათ, ერთ პოზიციაზე – რაც უფრო ნაკლები ადამიანური კონტაქტები გვექნება, ძალიან მძიმეა ამის თქმა, მაგრამ ეს ეხება ყველას. მათ შორის ეხება, რა თქმა უნდა, ეკლესიასაც, ეხება სამეგობრო წრეებსაც, ეს ეხება დიდ ოჯახურ თავყრილობებსაც“, – განაცხადა პაატა იმნაძემ.
მისი თქმით, საქართველოში ინფექციის გავრცელების ყველა შემთხვევა ძირითადად უკავშირდებოდა ოჯახურ და სამეგობრო კლასტერებს:
„აქედან გამომდინარე, ყველას კიდევ ერთხელ მოვუწოდებ მაქსიმალური სიფრთხილისაკენ. არ არის დღეს არც სამეგობროში შეკრების დრო, არც ოჯახებში დიდი შეკრებების დრო და არც არსად გარეთ, მათ შორის – ეკლესიებში“, – აღნიშნა პაატა იმნაძემ.
შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.
უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.