ხობში მოხალისეებმა მოხუცთა ნაწილს კომუნალური გადასახადები დაუფარეს და საჭირო მედიკამენტებით მოამარაგეს

595

ხობელმა ახალგაზრდებმა ყველაზე მოწყვლადი ოჯახების დასახმარებლად მოხალისეთა ჯგუფი შექმნეს. მოხალისეებმა მარტოხელა მოხუცებისთვის, მრავალშვილიანებისთვის, შშმ პირებისთვის, მათი ძალებით და კერძო კომპანიების დახმარებით სურსათი და პირველადი საჭირო ნივთები შეაგროვეს. ამის შესახებ ინფორმაციას “წყალმომარაგების კომპანია” ავრცელებს.

მათი ცნობით, მოხუცთა ნაწილს კომუნალური გადასახადები დაუფარეს და საჭირო მედიკამენტებით მოამარაგეს.

“შექმნეს Facebook ჯგუფიც შემდეგი აქტივობების ორგანიზებისთვის და განაგრძობენ კეთილი საქმის კეთებას. სპეციალურად გამოყოფილ სივრცეში აგროვებენ პროდუქტებს და აწვდიან მათ, ვისაც ყველაზე მეტად თანადგომა სჭირდება. ამ დროისთვის ახალგაზრდებმა 220 ოჯახის დახმარება შესძლეს. მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა გვჭირდება”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.