მთავრობა საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მონიტორინგს ამკაცრებს

633

საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით, კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.

საბჭოს სხდომაზე განიხილეს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე მოქმედი საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული შეზღუდვების, მათ შორის მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში საკარანტინო რეჟიმის აღსრულების საკითხები.

შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, რომ სამართალდამცავი უწყებების წარმომადგენლები 24-საათიან რეჟიმში მკაცრად აკონტროლებენ საგანგებო მდგომარეობის შედეგად დაწესებული აკრძალვების შესრულებას და ნებისმიერი დარღვევის შემთხვევაში გამოყენებული იქნება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.

მინისტრის ინფორმაციით, ასევე ინტენსიურად კონტროლდება საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობით დაწესებული შეზღუდვების აღსრულების პროცესი, რომელთა დარღვევისთვის კანონით დაწესებული ჯარიმები ცალკეულ შემთხვევებში სამართალდამცავებმა უკვე გამოწერეს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე აღინიშნა, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების პროცესი გრძელდება. საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანის განმარტებით, გუშინ, 26 მარტს, ჩამოფრინდა გეგმური ჩარტერული რეისი ვენიდან, რომლის ბორტზე მყოფი საქართველოს 180-მდე მოქალაქე ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მიერ მოძიებულ ერთ-ერთ სასტუმროში სავალდებულო 14-დღიან კარანტინს გაივლის.

ასევე, უწყებათაშორისი საბჭოს დღევანდელ სხდომაზე აღინიშნა, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 81 პაციენტიდან 13 უკვე გამოჯანმრთელდა. შედარებით მძიმე, თუმცა სტაბილურია 5 ინფიცირებულის მდგომარეობა. ყველა მათგანს შესაბამისი მკურნალობა უტარდება. ამ ეტაპზე კარანტინში იმყოფება 4505 ადამიანი, ხოლო სტაციონარში, მეთვალყურეობის ქვეშ – 247 პირი.

ამასთან, უწყებათაშორისი საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველოს ყველა რეგიონში მომზადდება ე.წ „ცხელების ცენტრები“. აღნიშნულ კლინიკებს მიმართავენ პაციენტები, რომლებსაც ტემპერატურა დაუფიქსირდებათ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის ინფორმაციით, მსგავსი ცენტრები უკვე გამოყოფილია კახეთის რეგიონში. ამ ეტაპზე მიმდინარეობს კლინიკების მობილიზაცია ქვემო ქართლში, რაც ეტაპობრივად ყველა რეგიონში განხორციელდება. ინფორმაცია ამ მიზნით გამოყოფილი კლინიკების შესახებ კორონავირუსთან დაკავშირებით განთავსდება, კორონავირუსთან დაკავშირებით მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე – www.stopcov.ge ასევე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე – www.moh.gov.ge

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.