ქუთაისის საჯარო ბაღების აღსაზრდელებს საკვები პროდუქტები დაურიგდებათ

540

ქუთაისის საჯარო ბაღების აღსაზრდელებს ის საკვები პროდუქტები დაურიგდებათ, რომლებიც ბაღებში კვებისათვის უნდა გამოყენებულიყო, სანამ სასწავლო პროცესი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო შეწყდებოდა. ამის შესახებ რადიო ძველი ქალაქი წერს.

ა(ა)იპ “ბაგა-ბაღების” გაერთიანების ინფორმაციით, პროდუქტები 27 და 28 მარტს 11:00-დან 18:00 საათამდე გაიცემა.

“პროდუქტის მისაღებად ადგილზე უნდა გამოცხადდეს აღსაზრდელის მშობელი. პროდუქტის მიღების პროცესი იწარმოებს ჯანდაცვის ორგანიზაციების მიერ გაცემული რეკომენდაციების შესაბამისად,”-აცხადებენ ბაგა-ბაღების გაერთიანებაში.

საკვები პროდუქტები 37-ვე საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს დაურიგდებათ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.