პაატა იმნაძე: ჯერჯერობით, საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის

462

ჯერჯერობით, საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის, – ასე უპასუხა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა სიტუაცია ისე გართულდეს, რომ საყოველთაო კარანტინის გამოცხადება გახდეს საჭირო. მან პრემიერ-მინისტრს მადლობა გადაუხადა ამ დრომდე გაცემული ყველა რეკომენდაციის სწრაფად შესრულებისთვის.

„ძალიან სწრაფად ხდებოდა ჩვენი ყველა რეკომენდაციიის იმპლემენტაცია, რომელიც დღემდე გაიცა. ამიტომ პირადად მინდა, ბატონ გიორგი გახარიას დიდი მადლობა გადავუხადო. ჯერჯერობით საყოველთაო კარანტინის რეკომენდაცია ჩვენგან არ არის. როგორც კი ამის პირველსაჭიროებას დავინახავთ, იმედი გვაქვს, რომ ეს მომენტალურად განხორციელდება, როგორც აქამდე ხდებოდა,“ – განაცხადა იმნაძემ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.