გორში, ხალხმრავლობის გამო, დასვენების პარკი დაიხურა

829

დღეიდან გორის კულტურისა და დასვენების პარკი დაკეტილია. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარკის ადმინისტრაციამ მიიღო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქებს არა თუ შეკრების, არამედ ვარჯიშის საშუალებაც აღარ ექნებათ.

“ახალბაღი” ერთ-ერთი ის ადგილია, სადაც მოქალაქეთა დიდი ნაწილი (ახალგაზრდებიც და ასაკოვანი ხალხი) ყოველ საღამოს თავს იყრიდა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.