ფოთის საბავშვო ბაღებში საკვები პროდუქტის გაცემა დაიწყო

413

ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერის გოჩა კურდღელიას ინიციატივითა და ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის ირაკლი ხახუბიას ფინანსური მხარდაჭერით, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტში არსებული სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელთა ოჯახებს საკვები პროდუქტები გადაეცათ.

ფოთის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ფოთის 15-ივე საბავშვო ბაღში სასურსათო პაკეტები დარიგდა. 1904 აღსაზრდელთათვის განკუთვნილი საკვები პროდუქტი მათ ოჯახებზე გაიცა.

სურსათის დარიგებას ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა კურდღელია, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ხახუბია, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე დავით წვერავა, ქალაქ ფოთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი დარჯანია, ქალაქ ფოთის მერის მოადგილეები დაესწრნენ.

დარჩენილი პროდუქტები სოციალურად შეჭირვებულ ოჯახებს გადაუნაწილდებათ.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 81 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 13 უკვე გამოჯანმრთელდა.