აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი – მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში არსებული პროდუქტების მინიმუმ სამი თვის მარაგი გვაქვს

663

აჭარაში მარაგების კუთხით კარგი მდგომარეობაა, – ამის შესახებ აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრი ტიტე აროშიძე აცხადებს.

ტიტე აროშიძის ინფორმაციით, მთავრობის შედგენილ ჩამონათვალში მითითებული ცხრა დასახელების პროდუქტიდან სამი თვის მარაგი არსებობს.

„იმ ცხრა პროდუქტთან დაკავშირებით, რომელიც მითითებულია მთავრობის მიერ შედგენილ ჩამონათვალში, გვაქვს მინიმუმ სამი თვის მარაგი, რომელიც ყოველდღიურად ივსება როგორც პორტის, ასევე სარფის საბაჟოდან შემომავალი ტვირთებით. ასე რომ, როგორც ბათუმში, ასევე მუნიციპალიტეტებში მარაგების კუთხით არის კარგი მდგომარეობა“, – განაცხადა პირველ არხთან ტიტე აროშიძემ.

მინისტრის თქმით, რეგიონში აქტიურად ხორციელდება შეზღუდვების მონიტორინგი, ასევე კონტროლდება კომერციული თუ სახელმწიფო ობიექტები ჰიგიენისა და დეზინფექციის კუთხით. დღეს საღამოს კი, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ბათუმის მერიასთან ერთად ქალაქის ქუჩების დეზინფექციას დაიწყებს.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 79 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.