ბათუმის ავტობუსებში მგზავრებისთვის სადეზინფექციო საშუალებები დამონტაჟდა

513

ბათუმის მუნიციპალურ ავტობუსებში სადეზინფექციო სითხის დისპენსერები დამონტაჟდა. ავტობუსში ასვლა-ჩამოსვლისას მგზავრებს საშუალება აქვთ ხელები სადეზინფექციო საშუალებით დაიმუშაონ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს. 

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სადეზინფექციო სითხის დისპენსერები 120-ვე ავტობუსში დაიდგა.

საქართველოს მასშტაბით, მიკროავტობუსებით გადაადგილება აიკრძალა. ქალაქის ფარგლებში მხოლოდ მუნიციპალური ავტობუსები და კერძო ტაქსები დადიან.  ბათუმის მერიამ, კოვიდ 19-ის გავრცელების პრევენციისთვის ტაქსებით გადაადგილების წესებიც შემოიღო, ხოლო ავტობუსების წინა ნაწილი, სადაც მძღოლები იმყოფებიან გადაკეტა.

შეგახსენებთ, ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო, 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა, ხოლო 23 მარტიდან მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინია გამოცხადებული. მთავრობის დადგენილებით, აკრძალულია საჯარო სივრცეში 10 პირზე მეტის თავშეყრა და ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 10-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან.

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 198 ქვეყანაშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს. საქართველოში ამჟამად COVID-19-ით ინფიცირების 79 შემთხვევაა დაფიქსირებული, საიდანაც 10 უკვე გამოჯანმრთელდა.