გურიაში სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას

523

გურიაში, სოფლების მიმართულებით საზოგადოებრივი ტრანსპორტი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ფუნქციონირებას. ამის შესახებ გურიის მოამბე წერს. 

არცერთი საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ გადაადგილდება დეზინფექციის გარეშე. ყველას აქვს მითითება – გთხოვთ, დავიცვათ დისტანცია მგზავრობის დროს. დავრჩეთ სახლში და მხოლოდ გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში გამოვიდეთ სახლებიდან.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება. 

უწყებათაშორისი სააკორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებთ, 18 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით, სამარშრუტო ტაქსებით მოძრაობა შეიზღუდა როგორც რეგიონებში, ისე ქალაქებს შორის. 23 მარტს კი მთავრობამ ყველა სახის საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება აკრძალა, მათ შორის მატარებლითაც.