სემეკი კომუნალურებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს

1614

სემეკი კომუნალურ გადასახადებზე შეღავათების დაწესების შესახებ მთავრობასთან ერთად იმსჯელებს, – განცხადება სემეკის ელექტროენერგეტიკის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ნიკოლოზ სუმბაძემ bm.ge-სთან გააკეთა.

მისი თქმით, მარეგულირებელი კომისია ამ საკითხს კორონავირუსის გამო შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე განიხილავს. აღსანიშნავია, რომ მოსახლეობის ნაწილი ვირუსის გამო უსამსახუროდ დარჩა, ტურისტული ობიექტების დიდი ნაწილი კი დაკეტილია და მათ შემოსავალი არ უფიქსირდებათ. სწორედ ამიტომ, ბიზნესი უკვე საუბრობს იმის შესახებ, რომ საჭიროა გადასახადების გადავადება, რადგან მათ დღეს თანხები არ გააჩნიათ. ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩენა კი მათ აიძულებს, მუშაობა სრულად შეწყვიტონ.

“ამ ეტაპზე კომისიაში მიმდინარეობს მომხმარებელზე დარიცხული დეპოზიტების შესახებ ინფორმაციის ანალიზი და უახლოეს დღეებში კომისია მიიღებს გარკვეულ ზომებს, რათა ახალი კორონავირუსის გამო შექმნილ ვითარებაზე მოხდეს ადეკვატური რეაგირება.

რამდენად იქნება (შეღავათები) იურიდიულ მომხმარებლებზე თუ (მხოლოდ) საყოფაცხოვრებო მომხმარებლებზე, ამაზე მიმდინარეობს მონაცემების ანალიზი და მის საფუძველზე კომისია მიიღებს გადაწყვეტილებას.

ერთი მხრივ, უნდა მოხდეს მომხმარებლების ინტერესების გათვალისწინება, რომლებიც ამ მდგომარეობის გამო დაზარალდნენ, მეორე მხრივ, გათვალისწინებული უნდა იყოს განაწილების ლიცენზიანტების ინტერესებიც.

პრიორიტეტად რჩება ქვეყნის ენერგიით უწყვეტად და საიმედოდ მომარაგება, რისი პრობლემაც დღის წესრიგში არ დგას”,- აცხადებენ სემეკში.

თბილისში მდებარე სასტუმროები და რესტორნები კომუნალური გადასახადების გადავადებას ან ამ დავალიანების დასაფარად “თელასის” ანგარიშზე არსებული მათი დეპოზიტების გამოყენებას ითხოვენ. მას შემდეგ, რაც ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა და ჰორეკას სექტორი პრაქტიკულად გაჩერდა, კომპანიები დენისა და გაზისთვის საჭირო თანხის მობილიზებას ვერ ახერხებენ და დახმარებას ხელისუფლებას სთხოვენ.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე პოლიცია და ჯარი აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 77-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის  აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.