თერჯოლის მუნიციპალიტეტში 2020 წელს სამი ახალი სკოლის აშენება და 17-ის რეაბილიტაცია იგეგმება.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაოები თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერმა, ბონდო სოფრომაძემ დაათვალიერა.
„ქვეყანაში არსებული საგანგებო მდგომარეობის გამო, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების მშენებლობა არ შეჩერებულა. აქტიურად მიმდინარეობს საჯარო სკოლების მშენებლობა. სულ მუნიციპალიტეტში 24 საჯარო სკოლაა – სამი ახალი შენდება, 17 რეაბილიტირდება. რეაბილიტაციისთვის დაიხარჯება 530 ათასი ლარი. მოეწყობა სველი წერტილები, საკლასო ოთახები, კარ-ფანჯრები, სახურავები, ელექტროგაყვანილობა, სპორტული დარბაზები. სამი ახალი სკოლის მშენებლობა, რაზეც საერთო ჯამში 4 632 500 ლარი დაიხარჯება, მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება და საერთო ჯამში 200 მოსწავლე შეაღებს ახალი სკოლის კარს“, – განაცხადა ბონდო სოფრომაძემ.
სოფელ სიქთარვაში 150 მოსწავლისთვის განკუთვნილი საჯარო სკოლის მშენებლობაზე 2 416 000 ლარი დაიხარჯება, სოფელ ჩხარში მცირეკონტიგენტიანი – 60 მოსწავლეზე გათვლილი არასრული საშუალო სკოლა აშენდება, რისთვისაც 1 092 500 ლარია გათვალისწინებული, ხოლო სოფელ ზედა საზანოს საჯარო სკოლის მეორე კორპუსის მშენებლობისთვის, რომელიც ასევე მცირეკონტიგენტიანი, არასრული საშუალო სკოლაა, 1 124 000 ლარი არის გამოყოფილი.