ბოლნისის მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

763

წინა სტატია

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამოყოფილი ჯგუფები ბოლნისის მუნიციპალიტეტის მასშტაბით კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მასობრივ სადეზინფექციო სამუშაოებს ატარებენ.

როგორც ბოლნისის მერიაში აცხადებენ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიის შეწამვლა სპეციალური ტექნიკის დახმარებით მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სადეზინფექციო სამუშაოების დაწყებას ბოლნისის მაჟორიტარი დეპუტატი გოგი მეშველიანი და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერი დავით შერაზადიშვილი სოფელ ნახიდურში გაეცნენ.

“ბოლნისის მუნიციპალიტეტში კარანტინია გამოცხადებული, ამიტომ კორონავირუსის პრევენციის მიზნით, მიმდინარეობს მუნიციპალიტეტის მთელ ტერიტორიაზე სადეზინფექციო სამუშაოები.საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეცჯგუფები მობილიზებულები არიან და სპეციალური ტექნიკით ხდება ტერიტორიების შეწამვლა. ეს სამუშაოები ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ვირუსის გავრცელების პრევენციას და დაგვეხმარება ამ დაავადებასთან ბრძოლაში. კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ჩვენს მოქალაქეებს, დარჩნენ სახლში და დაიცვან კარანტინის წესები“ ,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.

23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.