ჩიქოვანი: მარნეულსა და ბოლნისში გარკვეული სირთულეები დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, დღეს ეს აღმოფხვრილი

499

წინა სტატია

საქართველოს პრემიერმინისტრის პრესსპიკერის, ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საგანგებო რეჟიმთან დაკავშირებული სირთულეები ბოლნისსა და მარნეულში აღმოფხვრილია. როგორც ჩიქოვანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, იზოლაცია ორივე რეგიონში უზრუნველყოფილია.

“საგანგებო რეჟიმი მარნეულსა და ბოლნისში გამოცხადებულია მხოლოდ და მხოლოდ 48 საათია. თავიდან იყო გარკვეული სირთულეები, რომელიც დაკავშირებული იყო მოსახლეობის ინფორმირებულობასთან, თუმცა, მინდა გითხრათ, რომ დღეს ეს არის აღმოფხვრილი. ძალიან ეფექტიანად იმუშავეს, როგორც სამართალდამცავებმა, ასევე სამხედროებმა. სრულად არის უზრუნველყოფილი იზოლაცია და ასევე საზოგადოება არის სრულად ინფორმირებული სიტუაცია ამ ორივე რაიონში არის მშვიდი. ჩვენი თანამოქალაქეები ამ ორივე რაიონში მშვიდად ეპყრობიან იმ ვითარებას, რაც არის დღეს მარნეულსა და ბოლნისში. აქვე მინდა მთავრობის სახელით მადლობა გადავუხადო, ეს ზომები არის აუცილებელი თითოეული მათგანისთვის და მთლიანად, მთელი საქართველოს მოსახლეობისთვის“, – განაცხადა ჩიქოვანმა.

ცნობისთვის, კორონავირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის მიერ შექმნილ ოფიციალურ ვებ-გვერდს, stopcov.ge-ს ეთნიკური უმცირესობების ენები ემატება.

შეგახსენებთ, რომ 23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი  გამოცხადდა.

გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი  გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.

COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული.  ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.

საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი  იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.

ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.