კორონავირუსის პრევენციისთვის, გორში ქუჩები და სკვერები სანიტარულად დაამუშავეს.
შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის ცნობით, ღამის საათებში, მოირეცხა ცენტრალური ქუჩები, ასევე, ადგილები, სადაც მოქალაქეები მეტად გადაადგილდებიან, დამუშავდა სპეციალური ხსნარით.
გორის კეთილმოწყობის სამსახურის ხელმძღვანელის თქმით, დეზინფიცირება მომდევნო დღეებშიც განხორციელდება.
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გორში მიმდინარე ღონისძიებებს უშუალო მეთვალყურეობას შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებული და გორის მუნიციპალიტეტის მერი უწევენ.
„ჩვენს რეგიონში პროფილაქტიკური სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში ხორციელდება. ვითვალისწინებთ ყველა არსებულ რეკომენდაციას იმისთვის, რომ ჩვენი მოსახლეობა დაცული იყოს. ასევე, მოვუწოდებ თითოეულ მოქალაქეს, დაიცვას უსაფრთხოების ყველა წესი”, – განაცხადა მხარის რწმუნებულმა გიორგი ხოჯევანიშვილმა.
მისივე ინფორმაციით, ქუჩებსა და სკვერებში ინტენსიური სადეზინფექციო ღონისძიებები ჩატარდება რეგიონის ოთხივე მუნიციპალიტეტში.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.