კახეთში თვითიზოლაციაში და კარანტინში მყოფი ადამიანების რაოდენობის გაზრდის მიუხედავად, რეგიონში ეპიდსიტუაცია სტაბილურია. დღეის მდგომარეობით, ლაბორატორიაში გაგზავნილი სამი კვლევიდან Covid 19 არ დადასტურებულა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის კახეთის რეგიონულ განყოფილებაში განაცხადეს.
განყოფილების უფროსის ნელი ხიზანიშვილის თქმით, რეგიონში, ორი მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 8 საკარანტინე ლოკაციაზე 528 მოქალაქე იმყოფება. ყველას ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. თვითიზოლაციაში მყოფი იმ მოქალაქები რეგიონის მასშტაბით 463 -ია, ხოლო 18-ს მეთვალყურეობის ვალდებულება მოეხსნა. 3 პირი კი თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო იძულებით გადაიყვანეს თბილისში საკარანტინე სივრცეში.
ამასთან, ეთნიკურად აზერბაიჯანულ დასახლებაში საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ყველა საეჭვი შემთხვევას იკვლევენ.ამ ეტაპზე მარნეულის შემთხვევასთან არც ერთი კონტაქტი ან კავშირი არ იკვეთება.
კახეთში საავადმყოფოები განსაკუთრებული მზადყოფნის რეჟიმში გადადის. ამ დროისთვის რეგიონში 4 საავადმყოფოს აღჭურვა მიმდინარეობს, სადაც დაინფიცირებულ პაციენტებს სპეციალიურად მოწყობილ ბოქსირებულ განყოფილებებში მოათავსებენ.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 10 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.