ბაღდათის მუნიციპალიტეტის მერიის ინიციატივით და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრის რეკომენდაციით, მუნიციპალიტეტში არსებულ სასურსათო მაღაზიებს, აფთიაქებს და საჯარო დაწესებულებებს სადეზინფექციო სამუშაოები ჩაუტარდა.
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახურის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში სადეზინფექციო სამუშაოები პერმანენტულად ხორციელდება, რომლის მონიტორინგსაც საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები ახდენენ.
„კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბაღდათის მერიაში შექმნილი სამუშაო ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში მუშოებს, სადაც მუნიციპალიტეტში არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღება და შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა ხდება.
დღევანდელი მონაცემებით, ბაღდათის მუნიციპალიტეტში თვითიზოლაციაში 24 პირი რჩება.
მუნიციპალიტეტს ამ ეტაპზე არ ჰყავს ინფიცირებული პაციენტი. სხვა ქვეყნიდან შემოსულ მოქალაქეებზე კი მკაცრი მონიტორინგი ხორციელდება“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
23 მარტიდან, კორონავირუსის პრევენციის მიზნით, საქართველოს პრემიერმინისტრის გადაწყვეტილებით, მარნეულისა და ბოლნისის მუნიციპალიტეტებში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 73-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.