გორის საკრებულოს ვიცე-თავმჯდომარე კობა ბერიანიძე 1000 პურს სოციალური დაუცველებისთვის შეისყიდის. ამის შესახებ მან შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.
მისი თქმით, იმ ადამიანებს, რომლებსაც დახმარება ჭირდებათ, შეუძლიათ პური მათთვის სასურველ საცხობში შეიძინონ:
“თუ არსებობს ისეთი ადამიანი, რომლის შესახებ ჩვენ არ ვიცით, შეუძლიათ მომმართონ და ჩემი სახსრებით დავეხმარები,” – ამბობს კობა ბერიანიძე.
მსურველებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ შემდეგ ნომერზე: 595 32 35 58
კობა ბერიანიძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, როდესაც ქვეყანაში კორონავირუსთან დაკავშირებით საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა.
საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.