სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სადეზინფექციო სამუშაობისთვის 20 ტრაქტორი და 40 ერთეული პიკაპი იქნება გამოყენებული. მისი თქმით, სადეზინფექციო სამუშაოები უკვე ტარდება საზღვრებზე და ხდება ტვირთების დამუშვება, დეზინფექცია ჩატარდება ასევე ბოლნისისა და მარნეულის მუნიციპალიტეტებში, ხოლო ღამის 12 საათის შემდეგ დეზინფეცია უკვე თბილისში დაიწყება.
მისივე თქმით, თავდაპირველად მოხდება მასიური დეზინფექცია, რომელიც ჩაუტარდება კრიტიკულ ინფრასტრუქტურას, როგორიცაა მეტროს მიმდენარე ტერიტორია, ავტობუსის გაჩერებები და ა.შ.
„დღეს ჩვენი სამინისტროს სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეცტექნიკა გამოყენებულია საზღვრებზე, სადაც ფაქტიურად ყველა ტვირთის შემოსვლისას დამუშავება ხდება. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა ღონისძიებებში იღებენ მონაწილეობას, აქვთ გამოცდილება და სპეციალური ეკიპირება. ჩვენ მათ შორის, ბოლნისსა და მარნეულში, კარანტინში შემსვლელ- გამომსვლელ მანქანებს ვამუშავებთ სპეციალური სადეზინფექციო ხსნარით, რომელიც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან არის შეთანხმებული და იქაც ჩვენი ტექნიკაა გამოყენებული. ასევე, თქვენ ხედავთ დამატებით მძიმე ტექნიკას, რომელიც საკარანტინო ზონაში გადაადგილდება დღეს და მოვახდენთ მთლიანად ღია სივრცეების დამუშვებას, მარნეულს ვგულისხმობ და ბოლნისის მუნიციპალიტეტს. რაც შეეხება თბილისს, თქვენ ხედავთ პიკაპებს, რომელიც არის ასევე სპეცტექნიკით აღჭურვილი, რომელიც უკვე ქალაქ თბილისის მნიშვნელოვან კრიტიკულ საჯარო ინფრასტრუქტურას დაამუშავებს სადეზინფექციო ხსნარებით, რომ დაავადებების გავრცელების რისკი მინიმუმამდე დავიყვანოთ. ეს არის აბსოლუტურად უვნებელი მოსახლეობისთვის და არის ის ხსნარები, რომელიც შეთანხმებულია დაავადების კონტროლის ცენტრთან, მუშაობს ძალიან ეფექტურად და ვირუსის გავრცელებას უშლის ხელს.
პირველი დამუშავება მოხდება მასიურად მთელ ქალაქში, შემდეგ ინდივიდუალურად, ხელის აპარატებით მოხდება ინდივიდუალური დამუშავება და საჭიროების შემთხვევაში გავიმეორებთ ასეთ მასიურ დამუშავებას,“- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.