აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ორგანიზებით თბილისში მდებარე აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურ დასახლებებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
აფხაზეთის მთავრობის ცნობით, ღონისძიების ფარგლებში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა თბილისის ზღვაზე მდებარე დასახლებებში „ქართლი“, „ოქროს საწმისი“ და „ტურბაზა“.
ასევე, დევნილთა კომპაქტური დასახლების ტერიტორიაზე კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პრევენციისთვის ხელის სადეზინფექციო დისპენსერები დამონტაჟდება.
„მომდევნო დღეების განმავლობაში სადეზინფექციო სამუშაოები თბილისში, იმერეთისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში მდებარე მსხვილ კომპაქტურ დასახლებებში ჩატარდება“,-ნათქვამია ინფორმაციაში.
ცნობისათვის, საქართველოს პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ 22 მარტს, გვიან ღამით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მარნეულსა და ბოლნისში კარანტინი გამოცხადდა.
გადაკეტილია როგორც მარნეულამდე, ასევე ბოლნისამდე მისასვლელი და დამაკავშირებელი გზები. სიტუაციას ადგილზე სამართალდამცავები აკონტროლებენ. დღეიდან ორივე მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მასშტაბური სადეზინფექციო სამუშაოები იწყება.
COVID-19-ის აფეთქება ჩინეთში 2019 წლის დეკემბერში დაიწყო და დღეისათვის ის მსოფლიოს 186 ქვეყანაზე მეტშია გავრცელებული. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. ამ დროისთვის კორონავირუსი განსაკუთრებით ევროპის კონტინენტზე მძვინვარებს.
საქართველოში COVID-19-ით დაინფიცირებულთა რიცხვი 66-მდე გაიზარდა, მათ შორის 9 უკვე გამოჯანმრთელდა. კარანტინის რეჟიმში 4055 ადამიანი იმყოფება, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 252.
ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო 21 მარტიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული და სხვადასხვა აკრძალვებია დაწესებული, მათ შორის აკრძალულია 10-ზე მეტი ადამიანის შეკრება.